მთავარი / ბლოგი / როცა შედეგები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს…
როცა შედეგები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს...

როცა შედეგები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს…

დიდი ტკივილი გამოვიარეთ და გასაგებია განწყობა, მაგრამ უნდა დავმშვიდდეთ და რეალურად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა…

ყველაფერი დაიწო 2006 წელს. ამ დღიდან დაიწყო იტალიური ფეხბურთის დეგრადაცია და იუვეს ცხოვრებაშიც შავმა ზოლმა დაისადგურა… ბევრმა დაკარგა, ალბათ იმედი, რომ იუვე დაბრუნდებოდა… მაგრამ იუვე იყო დიდი სიყვარულის ისტორია და კლუბზე შეყვარებულმა ადამიანებმა, დელ პიეროს მეთაურობით, გადაწყვიტეს დაბრუნება და ეგრევე მოახერხეს ეს… მაგრამ გუნდში დიდი ძვრები მოხდა და ახალმა ხალხმა ალღო ვერ აუღო სიტუაციას და აღზევება ვერ შეძლო…

ეს გუნდი ანიელებმა შექნმეს და დიდმა ავვოკატომ ის დიდ სიმაღლეზე აიყვანა, დიდი სიყვარულით. ამიტომ საჭირო იყო გენის ჩართვა პროცესში და პრეზიდენტად ანდრეა ანიელი მოგვევლინა, ვისი ხილვაც ავვოკატოს უნდოდა და რომელსაც ბავშვობიდან ზრდიდა მის გვერდით.

ამასობაში სერია უფსკრულში დაეშვა და მისდამი ინტერესი ბევრს დაეკარგა. ამას იტალიის ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, ფედერაციის ჩინოვნიკების უნიათობაც, გადასახადები აუტანელი გახდა და ვარსკვლავების გადინებაც დაიწყო.

საჭირო იყო კომპეტენტური ხალხი, სწორი გათვლები და მუხლჩაუხრელი შრომა. საჭირო იყო ინვესტიციები. სპონსორებს ინტერესი არ ჰქონდათ, ფიატიც კრიზისს განიცდიდა. ამ დროს კი კლუბმა 500 მლნ ევრომდე იზარალა.

თუმცა საქმე მაინც დაიწყო. აშენდა სტადიონი, გუნდი კი იუვენტინოს, გუნდის ყოფილ ლიდერს – ანტონიო კონტეს ჩააბარეს. გაკეთდა მოკრძალებული, მაგრამ საინტერესო ტრანსფერები და საქმეც აეწყო. ანდრეამ გვერდზე დაიყენა მაშინ ყველაზე წარმატებული მენეჯერი – ბეპე მაროტა და კიდევ ერთი დიდი იუვენტინო – პაველ ნედვედი.

ანდრეა ანიელიმ წარადგინა სამოქმედო გეგმა და პირობა დადო, რომ იუვეს დააბრუნებდა ღირსეულ ადგილზე – პირველ 5 წელში იტალიაში დაიბრუნებდნენ ლიდერობას და მეორე 5 წელში ევროპაში.

პირველი ნაწილი ბრწყინვალედ დასრულდა, 5 სკუდეტო 5 წელში დაჩემპიონთა ლიგის ფინალსაც გაუსინჯეს გემო დიდი ხნის შემდეგ. გაჩნდა შესაძლებლობა, ისტორიული რეკორდის დამყარებისა – 6 სკუდეტო ზედიზედ, რომელიც ვერავინ მოახერხა და ამის გაშვება ხელიდან არაფრით შეიძლებოდა. გუნდმა დიდი ძალები დახარჯა და ისტორიული რეკორდიც შედგა, რაც მორიგმა ლიგის ფინალის წაგებამ ჩრდილქვეშ დააყენა…

არადა ევროპაში დაბრუნების გზა მხოლოდ ახლა დაიწყო და 2-ჯერ ფინალში გასვლაც თითქოს მოულოდნელი და შემთხვევითი, მაგრამ დიდი შრომის დამსახურება იყო…

აქვე მინდა ფინანსებსაც შევეხო, რადგან დიდი კამათის საგანი გახდა და უმეტეს შემთხვევაში არასწორი წარმოდგენებია ამ საკითხზე.

იმისათვის, რომ გრანდებში დაბრუნდე (დიახ დავბრუნდეთ, რადგან იუვე გრანდი ჩვენს გულებშია, მაგრამ რეალურად ჭაობში ყოფნისას დავკარგეთ და დაბრუნებას მყარი საფუძველი და მიღწევა ჭირდება ისევ) საჭიროა წელში გაიმართო, რომ კონკურენცია შეძლო ტოპ გუნდებთან.

შევხედოთ სპონსორებს. ჯიპი იუვეს წლიურად 17 მილიონს უხდის. შედარებისთვის მან.იუნაიტედს შევროლე – 80 მლნ. ბარსას ყატარის ავიახაზები – 45 მლნ. რეალს ემირატები – 40 მლნ. ბაიერნს დოიჩ ტელეკომი – 40 მლნ. ლივერპული – 31 მლნ… სანდრლენდი – 30 მლნ 🙂 ჩელსი,სიტი და არსენალი 50-50 მლნ…

ადიდასი იუვეს უხდის 20 მლნ წლიურად. ბარსას ნაიკი 120 მლნ. წელიწადში კონტრაქტს უფორმებს. რეალს ადიდასი 100მლნ-ს უხდია. მანიუს – 75 მლნ. ჩელსი 60 მლნ. ბაიერნი 42 მლნ….

სტადიონის სახელი იუვეს გაყიდული ჰქონდა 75 მილიონად 2010 წელს და ეს თანხა სტადიონის აშენებას მოხმარდა… 2023 წლამდე ალიანც-თან შეთანხმებისგან ხეირს მხოლოდ ის კომპანია მიიღებს. მხოლოდ 2023 წლიდან მიიღებს იუვე სახელის დივიდენტებს…

ერთადერთი დიდი შემოსავალი იუვეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლისგან აქვს. თუმცა საერთო შემოსავლებში მაინც დიდი ჩამორჩენაა ტოპ გუნდებთან ამიტომ კლუბმა რებრენდინგი მოახდინა, რომ კომერციული შემოსავლები გაეზარდა. კლუბი იძულებულია თანხები მომჭირნედ დახარჯოს სატრანსფერო ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, კლუბმა 500 მილიონი ვალიდან 300 მლნ. უკვე გაისტუმრა. ამ დროს სატრანსფერო ბალანსმა მინუს 200 მლნ. შეადგინა, რადგან 600 მლნ. დაიხარჯა შესყიდვებში, ხოლო გაყიდვებმა 400 მლნ. შეადგინა (ბოლო 5 წლის მონაცემები).

იზრდება სახელფასო ფონდიც. აქვე განვმარტავ იმ სიტუაციას, რაც ციფრებში ცდომილებას იწვევს… იტალიაში გადასახადები ძალიან დიდია და როდესაც საკონტრაქტო შეთანხმება იდება, ქვეყნდება ხელზე აღებული სუფთა თანხები. მაგალითად დიბალას 7.5 მილიონს ხელზე აძლევენ, ხოლო დაბეგვრის ტვირთი კლუბს აწვება. იგივე ხელფასი რო, ვთქვათ ჩელსიმ გადაუხადოს, გაცილებით ნაკლები უჯდება ჩელსის!

ზოგი იტყვის ანიელების ოჯახმა დააფინანსოს “ექსორიდანო”. აქაც არაა მარტივად საქმე – ექსორს იუვეს 63% ეკუთვნის, თავის მხრივ ანიელების წილი ექსორში 55% არ აღემატება. კომპანიას მართავს დირექტორთა საბჭო, რომლიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ჯონ ელკანი ყოველთვის ცდილობს მათ დარწმუნებას, მეტნაკლებად წარმატებითაც, რადგან ჰოლდინგმა ბევრი ხარჯები დაფარა, რაც არ უნდა დავუკარგოთ.

ამის ფონზე კლუბის აქტივები მაინც იზრდება და 25% ზრდა ფიქსირდება, რაც სარეკორდოა ევროპაში, თუმცა ჯერჯერობით მხოლო მე-9 ადგილზე არიან. უეფას რეიტინგში კი იუვე მე-4 ადგილზე დაწინაურდა, რაც დიდებული შედეგია. რადგან შემოსავლების მიხედვით, შესაბამისად შესაძლებლობებით ჩვენზე წინ არიან რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, მან.იუნაიტედი, ჩელსი, სიტი, პსჟ, ატლეტიკო, არსენალი, ლივერპული და ტოტენხემიც კი, რადგან ახალი კონტრაქტებით იუვეზე მეტი ექნება შემოსავლები…

თუ ყველაფერს შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ ჩვენი შედეგები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს… გუნდმა მე-2 პოზიციაზე დაამთავრა სეზონი ევროპაში. უკვე ტოლსწორად ვეთამაშებით ბარსას და ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა სრული ტრიუმფისთვის… ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს სანუკვარ მიზანს, გავხდეთ ევროპაშიც საუკეთესოები და ტემპის მიხედვით, მალე დადგება ის დროც, როცა ვერავინ შეგვაჩერებს!

FORZAJUVE!!!

გიორგი კვინიკაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ყველა გზა რომში მიდის…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბავშვობიდან რომას გულშემატკივარია, ისეთი რამ მითხრა რაც არასდროს დამავიწყდება. “როდესაც ვინმე …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *