მთავარი / ევრო 2016 / როგორ მღერიან იტალიელები ჰიმნს

როგორ მღერიან იტალიელები ჰიმნს

ევროპის ჩემპიონატი ოთხი დღეა რაც დაიწყო, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საუკეთესო თამაში ვიხილეთ. იტალიის ნაკრებმა, რომლის შანსსაც მავანნი ალმაცერად აფასებდნენ, ბელგიას ლამაზ სტილში, სრულიად დამსახურებულად მოუგო.

ლიონში გამართული მატჩი ნელ ტემპში დაიწყო, თითქოს გუნდები ერთმანეთის შეცდომას ელოდებიანო. ამიტომაც იყო, რომ პირველ ნახევარ საათში დასამახსოვრებელი მხოლოდ რაჯა ნაინგოლანის შორეული დარტყმა იყო, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონმა კუთხურზე მოიგერია. სამაგიეროდ, 32-ე წუთზე იტალიის პირველივე გააზრებული კომბინაცია გოლით დასრულდა. ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მოედნის ცენტრიდან ემანუელე ჯაკერინის მისამართით გააკეთა პასი, ბელგიელი მცველები პოზიციურად შეცდნენ და “სკუადრა აძურას” ტანმორჩილმა შემტევმა ადვილად გაიტანა – 0:1. მერე ბელგია საერთოდ აიჭრა და პირველივე ტაიმში ანტონიო კონტეს გუნდს უპირატესობის გაზრდა შეეძლო – ჯერ ანტონიო კანდრევას გასროლა ტიბო კურტუამ უკუაგდო, ხოლო ცოტა ხანში გრაციანო პელემ თავით მცირედით ააცილა.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბელგია უფრო ქაოტურად უტევდა არამარტო პირველ 45 წუთში, არამედ მთელი თამაში, დაახლოებით ერთნაირ სტილში. იტალია კი პირიქით, კომბინაციურად მოქედებდა და მთლიანობაში აპენინელთა გამარჯვება სრულიად ლოგიკური გახლდათ. ყველაზე რეალური შანსი მარკ ვილმოტსის შეგირდებს მეორე ტაიმის სტარტზე მიეცათ, თუმცა შეტევა არა მათ გააზრბულ კომბინაციას, არამედ იტალიელთა შეცდომას მოჰყვა. კონტრშეტევას კი რომელუ ლუკაკუ აგვირგვინებდა, რომელიც ბუფონთან პირისპირ იყო და გატანა მართებდა, მაგრამ ოდნავ ააცილა. ეგ იყო და ეგ – თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ბელგია თითქმის ყველა კომპონენტში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსები მხოლოდ კონტეს ბიჭებს ჰქონდათ და თან გაცილებით მეტი.

ლუკაკუს სახიფათო შეტევას იტალიამ პელეს თავურით უპასუხა, რომელიც კურტუამ მოიგერია. “ჩელსის” მეკარემ არც ჩირო იმობილეს დაანება გატანა შორი მანძილიდამ, ჯაკერინიმ ერთ ეპიზოდში სახიფათოდ ვერ დაარტყა. საპასუხოდ “წითელმა ეშმაკებმა” ერთი კარგი მომენტი შექმნეს, როცა დივოკ ორიჯი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ თავით ცუდად დაარტყა. ცალკე უნდა გამოვყოთ ცვლილებაზე შესული იმობილე, რომელმაც ბელგიელ მცველებს მოსვენება არ მისცა და კონტრშეტევების დროს დიდებულად მოქმედებდა. სწორედ მის ჩინებულ თამაშს მოჰყვა “სკუადრა აძურას” ბრწყინვალე კომბინაცია მესამე დამატებულ წუთზე და გოლი ბელგიელთა კარში – იმობილემ მარჯვნივ კანდრევა მოძებნა, იმის მაგივრად, რომ “ლაციოს” შემტევს დაერტყა, უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფი პელე მონახა და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

აქამდე ევრო 2016-ზე 10 თამაში, შებამისად 20 ნაკრები ვნახეთ, მაგრამ ჯერჯერობით იტალიის ნაკრები ყველაზე კარგად გამოვიდა. არავინ იცის, როგორ განაგრძობს კონტეს ნაკრები ასპარეზობას, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იტალია – იტალიაა. ბელგიის ნაკრებს კი იმ მოლოდინის გასამართლებლად, რაც მის მიმართაა, კიდევ ბევრი შრომა მოუწევს. ყოველშემთხვევაში დღეს ამ გუნდის რიგებში გუნდური ფეხბურთი ნაკლებად იგრძნობოდა.

ავტორი: გიორგი მელქაძე

წყარო: მსოფლიო სპორტი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ფავორიტები ნახევარფინალისთვის - ტრადიცია გაგრძელდება თუ რევანში შედგება?

ფავორიტები ნახევარფინალისთვის – ტრადიცია გაგრძელდება თუ რევანში შედგება?

დღეს, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატს მესამე ნახევარფინალისტი ეყოლება – პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს ან გერმანია შეუერთდება, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *