მთავარი / ბლოგი / რა ხდება “იუვენტუსის” კონკურენტებთან?

რა ხდება “იუვენტუსის” კონკურენტებთან?

მოგეხსენებათ “იუვენტუსმა” ზედიზედ 6 ჯერ შეძლო სერია A-ს მოგება, რითაც ყველა დროის რეკორდი დაამყარა და გუნდის მონაგარი ოფიციალურად 33 სკუდეტოა, რაც 15 ჯერ მეტია ვიდრე მდევრების (მილანი 18, ინტერი 18) რაც იმას ნიშნავს რომ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში მას ვერავინ დაეწევა.

ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ რომ გასული ექვსი სკუდეტო, ანუ ექვსი წელი “იუვეს” სიძლიერის გარდა სერია ა–ს სხვა გუნდების დასუსტებითაც უნდა აიხსნას, წელს კი “ბებერი ქალბატონი” ადვილ გასეირნებას ნამდვილად არ უნდა ელოდოს და ტიტულის დაცვა ნამდვილად კონკურენტულ გარემოში მოუწევს, რასაც თუნდაც “მილანის” გაძლიერება ადასტურებს.

ზოგადად კალჩოპოლის შემდეგ იტალიური ფეხბურთის დონე საგრძნობლად დაეცა და ერთი ათწლეული დასჭირდა ამის გამოსწორებას, მართალია ჯერ კიდევ შორსაა “კალჩო” იმ სიმაღლეებისგან რომლითაც მილიონებს შეაყვარა თავი, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე, მბჟუტავი, მაგრამ მაინც გამოჩნდა.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ ყველასთვის ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს თუ რა ხდება მოწინააღმდეგეების ბანაკში, რათა ზუსტად ვიცოდეთ რა სირთულეების გადალახვა მოუწევს მომავალ წელს იტალიის მოქმედ ჩემპიონს.

დავიწყოთ ყველაზე რეალური კონკურენტით.

“მილანი” – “როსონერიმ” მას შემდეგ რაც ჩინური ინვესტიცია მიიღო, ნამდვილად ღირსეული და ძლიერი კოლექტივი შექმნა, მეორე საკითხია რამდენად სწრაფად მოახერხებენ “შავ–წითლები” შეთამაშებას და რამდენად შეძლებს მთავარი მწვრთვნელი ვინჩენცო მონტელა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, მაგრამ შევსება მართლაც რომ ძვირფასი და ღირებულია. უშუალოდ “იუვედან” მათ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მცველის, ლეონარდო ბონუჩის დამატება მოახერხეს, ამას გარდა გუნდში მოვიდნენ ფაბიო ბორინი სანდერლენდიდან, “ლაციოს” კაპიტანი ლუკას ბილია, ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი კოტ დიუვარიდან, ფრენკ კესიე რომელმაც შარშან საკუთარი თავის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით შეძლო ბერგამოს “ატალანტაში”, შვეიცარიელი მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი გერმანული “ვოლფსბურგიდან”, არგენტინელი მცველი მატეა მუსაკიო ესპანური “ვილიარეალიდან”, ჰაკან ჩალხანოღლუ ლევერკუზენის “ბაიერიდან”, მარჯვენა მცველის პოზიცია ახალგაზრდა ანდრეა კონტის ჩააბარეს, რომელიც შარშან ფრენკ კესიეს მსგავსად “ატალანტაში” ირჯებოდა და ერთ–ერთ საუკეთესო ახალგაზრდათაც დასახელდა გასული წლის შეჯამებისას, შეტევაში კი კრისტიანო რონალდოს მიერ საკუთარ მემკვიდრედ დასახელებული პორტუგალიელი ანდრე სილვა გაირჯება, რომელსაც აქამდე “პორტოსთვის” გაჰქონდა გოლები. როგორც ჩინელი მეპატრონეები აცხადებენ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და აგვისტოს ბოლომდე კიდევ აპირებენ გაძლიერებას, ასევე მრავალთან გამოთხოვებას, ამ ეტაპისთვის კი გუნდი იურაი კუცკამ დატოვა, მაგრამ ასეთი შევსების ფონზე სლოვაკი ნახევარმცველი რა მოსატანია.

“ინტერი” – მეორე მილანური გუნდი უკვე წლებია ჩინელების ხელშია, მაგრამ ჯერ ჯერობით გუნდმა განვითარების კონცეფცია ვერ ჩამოაყალიბა, ხშირად იცვლიან მწვრთვნელებს, მოჰყავთ და უშვებენ ფეხბურთელებს. წელს გუნდი ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა, რომელიც დედაქალაქურ “რომადან” გადაიბირეს, იტალიელი საკმაოდ კარგ მწვრთვენლად ითვლება, რომელმაც ნამდვილად იცის გუნდის შენება და განვითარება, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე “ნერაძური” ჯერჯერობით პასიურობს.  “ტორინოდან” უფასოდ ვეტერანი მეკარე დანიელე პადელი დაიმატეს, ფიორენტინადან ასევე ვეტერანი, ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო და ყველაზე დიდი ინვესტიცია “სამპდორიას” ცენტრალურ მცველში, 22 წლის მილან შკრინიარში ჩადეს.

გუნდი დატოვეს ჯანლუკა კაპრარიმ, ევერ ბანეგამ და ჟუან ჟესუსმა. 

“რომა” – მილანური გრანდების ერთი მეორეს მიყოლებით ჩავარდნილი სეზონებით რომაელებმა კარგად იხეირეს, ისინი მუდმივად ახერხებდნენ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას, მაგრამ წარმატებას ვერ ახერხებდნენ. ახლა კი მათ მეტად უნდა გაუჭირდეთ სამეულისთვის ბრძოლა, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც გუნდი მთავარი მწვრთვნელის გარდა დატოვეს მოჰამედ სალაჰმა, ანტონიო რუდიგერმა, ლეანდრო პარედესმა  და ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ, ასევე გუნდის ძირითათ მეკარეს ვოისეხ შესნის არენდის ვადა გაუვიდა და “არსენალში” დაბრუნდა. იგი კვლავ შეიძლება დაბრუნდეს იტალიაში, მაგრამ არა დედაქალაქში, არამედ ტურინის “იუვენტუსში”

მთავარ მწვრთვნელად “სასუოლოს” ყოფილი თავკაცი ეუსებიო დე ფრანჩესკო მოვიდა, რომელმაც 5 წლის განმავლობაში პატარა უამბიციო გუნდისგან მებრძოლი და ლამაზად მობურთავე კოლექტივი ჩამოყალიბა, თუმცა სხვა საქმეა რამდენად შეძლებს იმ წნეხში მუშაობას რომელსაც ყველა მწვრთვნელი გრძნობს “რომაში”, სადაც მას ტაშს არ დაუკრავენ სერია A დან არ გავარდნის გამო.

გუნდის შემადგენლობა ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელებით შეივსო, ფედერიკო ფაციო, წინა სეზონში ისედაც რომაელი იყო და გუნდმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა, ისევე როგორც “ტორინოდან” ნათხოვარი ბრუნო პერესის, ამას გარდა მოვიდნენ მაქსიმ გონალოსი, ექტორ მორენო, მარიო რუი, ჟუან ჟესუსი, მისი ყოფილი შეგირდი ლორენცო პელეგრინი, ახალგაზრდა ნიჭიერი თურქი ჩენგიზ უნდერი და ასევე ჰოლანდიელი ტალანტი რიკ კარსდორპი. 

თუმცა ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, ვნახოთ რამდენად შეძლებენ ისინი უმაღლეს დონეზე თავის გამოჩენას.

“ნაპოლი” – როგორც ყოველთვის ნეაპოლელები ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს, მიუხედავად იმისა რომ მათი პრეზიდენტი საკმაოდ ხმაურიანი და ოდიოზური პიროვნებაა. ისინი იშვიათად მიმართავენ ხმაურიან ტრანსფერებს და ორიენტირებულები არიან ისეთი ფეხბურთელების მოძიებით რომელიც გუნდის კონცეფციას და ტაქტიკას იდეალურად მოერგებიან. ნეაპოლში მარადონას აღმერთებენ, ისინი მათზე დიდ ვარსკვლავს ვერასდროს დაიმატებენ, ამიტომ მათ შრომის მოყვარე, ერთგული და მებრძოლი ბიჭები სჭირდებათ.

გუნდიდან ღირებული და აღსანიშნავი არავინ წასულა, მაგრამ შარშან “იუვედან” ნაბოძები 90 მილიონით, რომელიც გონსალო იგუაინის სანაცვლოდ მიიღეს, წელსაც იხეირეს (შეგახსენებთ იგუაინის გამოსასყიდი თანხა ორ ნაწილად გაიყო) და გუნდში ადამ ოუნასი, მარკო როგი და ნიკოლა მაქსიმოვიჩი მოიყვანეს. მათი სახელები ფეხბურთში ღრმად ჩახედულ ადამიანებსაც შეიძლება არაფერს ეუბნება, მაგრამ “ნაპოლის” ნამდვილად გამოადგებიან და მათი სახელები შეიძლება ხვალ პირზე მთელს მსოფლიოს ეკეროს როგორც ეს მოხდა კულიბალის, ჰისაის, ჟორჟინიოს, ჰამშიკის, ალანის, ინსინეს და მერტენსის შემთხვევაში.

“ლაციო” – ლაციალეზე ჯერ ჯერობით ახალს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა რომ გუნდი კაპიტანმა ლუკას ბილიამ დატოვა და გუნდში სერბი წარმომავლობის მონტენეგროელი 24 წლის ადამ მარუშიჩი მოიყვანეს.

როგორც ხედავთ სულ ეს არის, ჯერჯერობით ტურინელთა მთავარ კონკურენტად შეიძლება “მილანი” ჩაითვალოს, შემდეგ კი ძველებურად “რომა” და “ლაციო”, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ჩვენ პერმანენტულად შემოგთავაზებთ ხოლმე სიახლეებს “იუვეს” კონკურენტებზე და მათ სატრანსფერო აქტივობებზე.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ყველა გზა რომში მიდის…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბავშვობიდან რომას გულშემატკივარია, ისეთი რამ მითხრა რაც არასდროს დამავიწყდება. “როდესაც ვინმე …