მთავარი / ბლოგი / ორკესტრის რეპეტიცია
ორკესტრის რეპეტიცია

ორკესტრის რეპეტიცია

გინახავთ ლეგენდარული იტალიელი მაესტროს, ფედერიკო ფელინის “ორკესტრის რეპეტიცია”?

გარდა იმისა რომ ეს უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარია რეჟისორის და გენიალური კომპოზიტორის, ნინა როტასი, ფილმი დრამატული ნაწარმოების აგების საუკეთესო მაგალითად ითვლება.

დიახ, სქემა ასეთია: ორკესტრი იწყებს რეპეტიციას, ისინი ემზადებიან კონცერტისთვის, პარალელურად ვიცნობთ პერსონაჟებს, ისინი საკუთარ ინსტრუმენტებს გვანან, ზოგი ამბიციურია, ზოგი მორცხვი, ყველას თავისი როლი უმნიშვნელოვანესი ჰგონია, რაც ძაბავს სიტუაციას, ვითარდება კონფლიქტები, იწყებენ ერთმანეთში ჩხუბს, ინგრევა ყველაფერი და… ყველაფერი ახლიდან იწყება, ყველა ბრუნდება საკუთარ ინსტრუმენტთან და უარყოფითი ემოციებით დაცლილები და ახალი ენერგიით დამუხტულები აგრძელებენ მზადებას სანუკვარი მიზნისთვის!

რა თქმა უნდა ფილმში მთავარი მოქმედი გმირი დირიჟორია.

“იუვენტუსის” დირიჟორმა კი დღეს კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა და სიუჟეტიც მერამდენედ ახალ წრეზე წავიდა.

დიახ, იყო წყენა, იყო იმედგაცრუება და იყო დამარცხებული “იუვენტუსი”

სამ ივნისს ჩვენ უკანასკნელად ვნახეთ ტურინული გრანდი იმ ლოგოთი რომელიც გულზე ეხატათ, ასე გასრულდა ამ ლოგოს ისტორია, რომელმაც მცირე ცვლილებების მიუხედავად 1979 წლიდან 38 წლის განმავლობაში უამრავი რამის მომსწრე გახლდათ.

ამ ლოგოს ქვეშ გუნდმა მოახერხა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ბოლო მცდელობა გასამების წარუმატებელი გამოდგა.

ამ ლოგოს ქვეშ გუნდი სერია ბ–ში ასპარეზობდა, ამ ლოგოს ქვეშ იყო უამრავი აღზევება და დაცემა.

ამ ლოგოს ქვეშ ითამაშეს “იუვეს” ყველაზე ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა.

სწორედ ამ ლოგოს ქვეშ თამაშობდა მადრიდის “რეალის” უდიდესი წარმატების მთავარი შემომქმედი ზინედინ ზიდანი.

ამ ლოგოს ქვეშ ჩაატარა უკანასკნელი მატჩი ტურინში ლეგენდარულმა ათიანმა, ალესანდრო დელ პიერომ.

ეს ლოგო გაცვალეს სხვა ლოგოებში და ამ ლოგოს გამო დათმეს სხვა ლოგოები ფეხბურთის ლეგენდებმა.

დიახ, ტურინში მოდიან, მიდიან ან სამუდამოდ რჩებიან, იცვლებიან სახეები, იცვლებიან ლოგოები, ხანდახან სტადიონებიც  კი, მაგრამ შავ–თეთრი სიყვარულის ისტორია მარადიულია და ახლაც, სწორედ ისე როგორც ფელინის “ორკესტრის რეპეტიციაში” ყველაფერი ახლიდან იწყება!

ვთქვით რომ დირიჟორი 2020 წლამდე რჩება, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ცოტას დაისვენებს, შემდეგ ფრაკიდან საკუთარ ჯადოსნურ ჯოხს ამოიღებს, შემაღლებულ ფიცარნაგზე შედგება, მაყურებელს ზურგს მიუშვერს და ორკესტრისკენ მიტრიალდება.

ორკესტრი კი როგორც ყოველ ზაფხულს ხდება ძველ სახეებთან ერთად ახალი მოქმედი პერსონაჟებით შეივსება.

მადლობა ჩელოს, მაგრამ ჩვენ ახალი ჩელო გვჭირდება.

მადლობა ვიოლინოს, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, პრაქტიკა სჭირდება.

მადლობა ფლეიტას, მაგრამ ის უკვე დაბერდა.

მადლობა ტრომბონს, მაგრამ ის ძალზედ ხისტია.

მადლობა საყვირს, მაგრამ ამ ნაწარმოებში თქვენი ადგილი არ არის…

ასეა დღევანდელი “იუვენტუსიც”, ზოგი წავა, ზოგსაც კი ძალით გაუშვებენ, მათ ადგილებს კი სხვები შეავსებენ.

რა მოხდა სამ ივნისს? ეს ყველამ კარგად ვიცით, მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, ერთ–ერთი კი ჩვენ თვითონ ვიხილეთ, როდესაც სარბენ ბილიკებზე “იუვეს” და “რეალის” სათადარიგოებმა მოთელვა დაიწყეს. როგორ ჩაირბინეს გვერდიგვერდ მარიო ლემინამ და 100 მილიონად შეფასებულმა გარეტ ბეილმა, ადამიანი რომელშიც გადახდილი თანხა შეიძლება მთელი “ბებერი სინიორას” სათადარიგოთა სკამის ფასი არ იყოს ერთიანად.

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ბევრ ქვეყანაში ოფიციალურად არც არის გახსნილი და უკვე უამრავი სახელი დაუკავშირეს რებრენდირებულ ზებრებს. შევეცდებით შემოგთავაზოთ მცირე ანალიზი დამდეგი სატრანსფერო სეზონის, მითუმეტეს რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების მიუხედავად გამარჯვებულზე ბევრად მეტი გამოიმუშავა და ეს თანხა 100 მილიონს აცდა. შესაბამისად გუნდს პრობლემა არ უნდა ქონდეს სერიოზული ინვესტიციების განსახორციელებლად.

გუნდმა უკვე შეიძინა 3 ტალანტი. ერთ–ერთი მათგანი არგენტინელი 20 წლის რიკარდო ბენტანკურია, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია, დანარჩენი ორი კი არა მარტო “იუვეს”, არამედ “სკუადრა აძურას” იმედათაც უნდა მოვიხსენიოთ.

მატია კალდარა – 23 წლის ცენტრალური მცველი “ატალანტადან”, რომელმაც უკვე მოასწრო ნაკრებში პირველი მატჩის ჩატარება და პოზიციის მიუხედავად გოლის გატანაც შეძლო, მიუხედავად იმისა რომ მატჩი ამხანაგური იყო და თანაც სან მარინოსთან, სადაც ლურჯებმა 8 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს, დებიუტი მაინც ბრწყინვალედ უნდა ჩაითვალოს. მატეა კალდარა აქედანვე ითვლება დანიელე რუგანისთან და ალესიო რომანიოლისთან ერთად იტალიის დაცვის მომავალ ბურჯად.

მესამე შენაძენი რიკარდო ორსოლინია, რომელიც 20 წლისაა, სერია ა – ში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, ის ასკოლის აღზრდილია და სერია ბ – ში შესანიშნავი სეზონის შემდეგ (41 მატჩი, 8 გოლი, 6 ასისტი) “იუვემ” ყველას დაასწრო და მისი უფლებები გამოისყიდა. ახალგაზრდა იტალიელი პოზიციით ვინგერია და ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევს. აღსანიშნავია რომ ალეგრის ორსოლინი საზაფხულო შეკრებაზე მიყავს და იქ გადაწყდება მისი ბედი, დარჩება გუნდში თუ იჯარით წავა სხვა გუნდში.

ეს უკანასკნელი ერთადერთი არ უნდა იყოს ვინც განათხოვრების წესით შეიძლება სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ. “იუვეს” საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს შეკრებილი, რომლებიც იშვიათად ახერხებენ თამაშს, რაც მათ კარიერას და განვითარებას ხელს უშლის.

ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების გარდა, გუნდში ირიცხებიან : როლანდო მანდრაგორა და მოსეს კინი.

რაც შეეხება სხვა შენაძენებს, გუნდმა ოფიციალურად გამოისყიდა ხუან კვადრადო “ჩელსიდან” და მეჰდი ბენატია “ბავარიიდან”

განვლილი სეზონის შემდეგ “იუვეს” ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, ათასგვარი ჭორი ვრცელდება დიბალასთან, ბონუჩისთან და ალექს სანდროსთან დაკავშირებით. ასევე დიდი მოთხოვნაა პრემიერლიგიდან დანი ალვეშზე და მარიო ლემინაზე.

მაგრამ წამსვლელებზე დღეს ნაკლებად ვილაპარაკებთ, მოდი გუნდის გაძლიერებაზე ვისაუბროთ და პოზიციების მიხედვით ვიმსჯელოთ.

როგორც ჩანს ალეგრი მომავალ წელსაც 3–4–1–2, 4–3–3 და 4–2–3–1 ტაქტიკურ მონახაზებს დაეყრდნობა.

მეკარე – აქ ჯიჯი ბუფონი რა თქმა უნდა უკონკურენტოა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდება. ლეგენდარულმა კიპერმა, ბევრჯერ განაცხადა რომ რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს, 2018 წლის 28 იანვარს ნუმერო უნო 40 წლის გახდება.

გუნდში ირიცხებიან ახალგაზრდა ემილ აუდერო და ბრაზილიელი კიპერი ნეტუ.

ხანდახან ვფიქრობ, რა კარგია როდესაც სხვა გუნდის გულშემტკივარი ხარ, წავა ერთი მეკარე და მოვა სხვა. ტურინში კი საქმე სხვანაირადაა. ჯიჯი უამრავი ადამიანის აზრით ყველა დროის საუკეთესო მეკარეა, სენტიმენტალური ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ, უბრალოდ წარმოუდგენელია მისი ღირსეული შემცვლელი მოძებნოს გუნდმა. რა თქმა უნდა შეიძლება გაუქმდეს ნომერი 1, მაგრამ მეკარის პოზიციას ვერავინ გააუქმებს და ვიღაცას მოუწევს ბუფონის მემკვიდრეობა, აუდეროს და ნეტუს ეს ნამდვილად გაუჭირდებათ, ისევე როგორც “იუვეს” გაუჭირდება “მილანიდან” ჯანლუიჯი დონარუმას მოყვანა. არადა 18 წლის გოლკიპერი ამ ასაკშიც კი ბრწყინვალედ გამოიყურება და თუკი ყველაფერი ლოგიკურად განვითარდება მას უდიდესი მომავალი აქვს. მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომლისთვისაც ფული უმნიშვნელოვანესია, ის კი ყოველთვის მოახერხებს უფრო სარფიანი მყიდველების მოძებნას ვიდრე იტალიური გუნდებია.

როგორც ირკვევა მაროტა და კომპანია ამ მხრივ ორ კანდიდატს განიხილავს. ერთი 27 წლის გამოცდილი პოლონელი მეკარე ვოისეხ ჩესნია, რომელიც არსენალის საკუთრებაა, მაგრამ ახლა რომაშია იჯარით. მას ნამდვილად შეუძლია იყოს ექსტრაორდინალური რიგ შემთხვევებში, თუმცა არასტაბილურია.

მეორე კი უდინეზეს 20 წლის იტალიელი ალექს მერეტია, რომელმაც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში უკვე 32 მატჩის ჩატარება მოასწრო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გუნდის მესვეურები.

დაცვა – გუნდში ამ მხრივ სიტუაცია ყველაზე კარგად არის.

ვეტერანი ანდრეა ბარძალი ნაკლებად უნდა მოვიაზროთ მომავალ წელს ძირითადის ფეხბურთელად, მაგრამ სათადარიგოთა სკამისთვის ის ახლა საუკეთესო ვარიანტია.

ლეონარდო ბონუჩი (დარჩენის შემთხვევაში) და ჯორჯიო კიელინი კვლავაც ძირითადი შემადგენლობის წევრებად უნდა მოვიაზროთ, ასევე გაცილებით მეტი დრო უნდა მიეცეს მეჰდი ბენატიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოსყიდვა წყალში გადაყრილ ფულად შეიძლება ჩაითვალოს, და დანიელე რუგანის, რომელიც ტრამვამდე თამამად შეიძლება ითქვას მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და მეტად სტაბილური და თავდაჯერებული ხდებოდა.

ასევე თუკი ისეთივე დამაჯერებელი იქნება, როგორც “ატალანტაში” არც მატია კალდარას უნდა გაუჭირდეს ალეგრი აიძულოს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად აქციოს.

მოკლედ დაცვის ცენტრში გუნდს ნამდვილად შესაშური სიტუაცია აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ფლანგებზე.

მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა, მაგრამ ის საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, რაც ფიზიკურად უამრავ ენერგიას მოითხოვს, მისი შემცვლელი კი გუნდში მხოლოდ კვადვო ასამოაა, რომელიც კონტეს წასვლის შემდეგ ძველებურად კარგი აღარ არის და მისი მხრიდან შეცდომებიც ბევრია. სანდროს კი ნამდვილად სჭირდება შემცვლელი, რათა ენერგიების გადანაწილება მთელს სეზონზე მოახერხოს.

კონკრეტული არაფერი ისმის მარჯვენა ფლანგზე, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ალეგრის მოთხოვნით გუნდი “მილანიდან” დე შილიოს დამატებას გეგმავს, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

გარკვეულ წილად “მილანის” იტალიელი მცველის ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული მარჯვენა ფლანგის რეორგანიზება. მისი მოსვლის შემთხვევაში ალბათ სტეფან ლიხშტაინერიდან და დანი ალვეშიდან ერთ–ერთს გუნდის დატოვება მოუწევს, რადგან ზედმეტი ფუფუნებაა ერთი პოზიციისთვის გყავდეს სამი ფეხბურთელი, ამას დამატებული  ხუან კვადრადო, რომელიც გაჭირვების ჟამს ხშირად გვინახავს მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ გადამწყვეტ მომენტში გუნდმა 4 გოლი გაუშვა (ერთით მეტი ვიდრე მთელი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში) მაინც “იუვეს” დაცვა ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ის დიდ ჩარევას არ საჭიროებს სატრანსფერო სკალპელით, მხოლოდ მსუბუქი პლასტიკური ქირურგია სჭირდება, ისე “ყოველი შემთხვევისთვის”…

ნახევარდაცვა – როდესაც “იუვე” დაბრუნდა, ის დაბრუნდა სწორედ ნახევარდაცვით. ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, კლაუდიო მარკიზიო და ახალგაზრდა პოლ პოგბა. ახლა მათგან გუნდში მხოლოდ “პატარა პრინცია”, რომელიც ძველებურად ნამდვილად ვერ ბრწყინავს, ჩანს რომ მას ლიდერის ფუნქციები ნაკლებად აქვს და კარგია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ვარსკვლავების გვერდით როგორებიც გუნდიდან წასული, ზემოთ ჩამოთვლილი ნახევარმცველები არიან.

ვერც “რეალის” დაწუნებულმა სემი ხედირამ შეძლო არტურო ვიდალის შეცვლა და ვერც ბოსნიელმა მირალემ პიანიჩმა მაესტრო პირლოსი. ტომას რინკონზე, სტეფანო სტურაროზე და მარიო ლემინაზე კი სერიოზულად ლაპარაკი, როდესაც ვსაუბრობთ “იუვეზე” ვფიქრობ სასაცილოა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, პაოლო დიბალას ნახევარმცველად გადაქცევა, თუნდაც შემტევ ნახევარმცველად დანაშაულია არა მარტო არგენტინელის მიმართ, არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყაროს წინაშე. წელს სხვა გზა ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ პიანიჩმა ვერ შეძლო “10” იანის თამაში, ეს უკეთ პაოლომ შეძლო, მაგრამ მის შემყურეს ერთი ქუთაისური ფრთოსანი ფრაზა მახსენდება, რომელიც კარგ მწერალს და ქუთაისის კოლორიტს,  ოთარ მამფორიას უთხრეს, როდესაც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად: დაბრუნდი მამფი უკან, ქუთაისს აკლიხარ და თბილისში ზედმეტი ხარო…

ასეა ნამდვილად დიბალას ამბავიც, შეტევას აკლია და ნახევარდაცვაში ზედმეტია.

ეს ჩვენზე კარგად ალეგრის ესმის და ამიტომაც კონტრაქტის ხელმოწერის დროს ორი ტოპ–ტრანსფერი მოითხოვა.

შეშლილი მაქსი პირველ რიგში ნახევარმცველებს ითხოვს, რომლებმაც ცენტრში სიტუაცია უნდა დაალაგონ. სია საკმაოდ გრძელია: ტოლისო, ნ’ზონზი, ემრე ჩანი, ინიესტა, ხამეს როდრიგესი, ვერატი, დი მარია, პარედესი, მატიჩი, ფაბინიო…

გვარები, როგორც ხედავთ საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მათი უმეტესობის მოყვანა მაროტას და პარატიჩს ძალიან უნდა გაუჭირდეს, თუმცა ფეხბურთში სასწაულები ხშირად ხდება და აქტიური მუშაობით ყველაფერია შესაძლებელი.

მოკლედ “იუვენტუსის” ნახევარდაცვას რომ სერიოზული გაძლიერება სჭირდება ეს დღესავით ნათელია, თუკი ვინმეს შეიძლება დაბრალდეს ფინალის წაგება, ეს პირველ რიგში ნახევარმცველები არიან, რომლებიც ვერც დაცვას დაეხმარნენ საჭირო დონეზე, ვერც საჯარიმოს მისადგომები დაკეტეს სათანადოდ, ვერც კონკურენცია გაუწიეს ცენტრში მადრიდელთა სამეულს და შემტევებამდეც ბურთი იშვიათად მიქონდათ.

თავდასხმა – გონსალო იგუაინი, მარიო მანჯუკიჩი, პაოლო დიბალა, ხუან კვადრადო, მოსეს კინი.

რაოდენობრივად ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ხარისხობრივად – არა!

დავიწყოთ იქიდან რომ მარიო მანჯუკიჩი ალეგრის ხელში ნომინალური თავდამსხმელიდან ფაქტიურად B2B (Box to Box) გადაიქცა. ის ყველგანაა სადაც გუნდს სჭირდება, ხან დაცვაში, ხან შეტევაში, ხან ფლანგზე და ხან ცენტრში. ხორვატი შედეგიანია, დაკისრებულ დავალებას კარგად ასრულებს და ყველას ხიბლავს თავისი ახალი ამპლუით, მაგრამ ეს ზუსტად ის გაოცებაა საქველმოქმედო მატჩებში სხვა პროფესიის ხალხი ლამაზ გოლს რომ იტანენ. ხომ გინახავთ მინდვრის ფეხბურთელი რომ ჩამდგარა კარში და ლამაზი სეივი გაუკეთებია, ამისთვის ის აპლოდისმენტებს იღებს, გოლის გაშვების დროს კი არავინ აკრიტიკებს – ეს მისი საქმე არაა!

მოკლედ მანჯუს მონდომება შრომის მოყვარეობა ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ ის გუნდში სხვა ფუნქციით არის მოყვანილი ხოლო ვინგერის პოზიციაზე სჯობს სხვა მოიყვანონ.

გონსალო იგუაინი, მიუხედავად პირველივე სეზონში გადატანილი 32 გოლისა (ყველა ტურნირზე) ნამდვილად არ არის ისეთი ეფექტური როგორიც “ნაპოლიში” იყო. გასაგებია რომ ნაპოლი მეტად შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ნაკლებად ფიქრობს დაცვაზე, მაგრამ პიპიტა ნეაპოლში მაინც ბევრად აგრესიულად და თვითდაჯერებულად გამოიყურებოდა. მომავალ სეზონში წესით ის გაცილებით მეტად უნდა მოერგოს ტურინელთა სათამაშო მონახაზს, მაგრამ მას ნამდვილად სჭირდება შემცვლელი, კონკურენციისთვის პირველ რიგში და შემდეგ მისი დასვენებისთვის.

პაოლო დიბალაზე საუბარი ზედმეტია, ეს ბიჭი ნამდვილად დაბადებულია იმისთვის რომ გახდეს ლეგენდარული ფეხბურთელი, უბრალოდ დროა ალეგრიმ მას პოზიცია მოუძებნოს.

მოსეს კინი – უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ნამეტნავად ახალგაზრდა, იმისთვის რომ “იუვეს” შეტევის ბედი მიენდოს და ნამეტნავად ახალგაზრდა სათადარიგოთა სკამისთვის. მოკლედ ნატურალიზებული იტალიელი აუცილებლად უნდა წავიდეს არენდით ისეთ კლუბში სადაც ძირითადი გუნდის უცვლელი წევრი იქნება.

ხუან კვადრადო – მომღიმარი კოლუმბიელი, კარგი ტექნიკით და სისწრაფით. მაგრამ ალეგრიმ ის ძველებურად სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად აქცია და ძირითადად შეცვლებზე ჩნდება. ის ძალაა, მაგრამ დამხმარე ძალა და არა გამწევი.

ბოლო მატჩებში დიბალა, იგუაინი და მანჯუკიჩი მუდმივად ძირითადში იყვნენ, შესაბამისად გადამწყვეტ მომენტში გუნდის გაძლიერება თითქმის შეუძლებელი ხდებოდა რადგან სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მარჯვენა ნახევარმცველი ხუან კვადრადო იჯდა.  შესაბამისად გალილეო ფერარისზე შემტევებზეც ფიქრობენ.

თუკი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მხოლოდ ახალგაზრდა პატრიკ შიკი განიხილება, რომელიც გონსალო იგუაინის და მარიო მანჯუკიჩის (თუკი ეს უკანასკნელი საკუთარ პოზიციაზე დაბრუნდება) შემდეგ მესამე ცენტრად იქნება გუნდში, აი ფლანგის შემტევებზე ბევრად მეტი ამბები და ჭორები ვრცელდება. ეს ლოგიკურიცაა, ამ პრობლემის მოგვარებით დიდი ალბათობით შეტევის მთელი პრობლემა მოგვარდება.

ახალგაზრდა ორსოლინის მიეცემა შანსი ზაფხულში, მაგრამ ის მაინც ვერ იქნება დასაყრდენი და მასზე მეტად გამოცდილი კადრების მოყვანაა საჭირო.

ძირითადად სამი ფეხბურთელის გვარი ისმის: დუგლას კოშტა (ბაიერნი) კეიტა ბალდე (ლაციო) და ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა)

როგორც ჩანს ყველაზე ახლოს ლაციალეს 22 წლის სენეგალელის დამატებასთან ვართ, მაგრამ ყოველდღიურად საპირისპირო ცნობები ვრცელდება პრესაში.

ასევე გაჩნდა ჭორი მონაკოელ ტომას ლემართან დაკავშირებით.

მოკლედ სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვთ მართველობაში.

ახალი იუვე, ახალ ძალებს და ახალ ემოციებს ითხოვს!

ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს კიდევ აქვს ერთი შანსი…. ერთი შანსი სანუკვარ ტიტულამდე!

ცხელი ზაფხული გველის…

შავი და თეთრი, თეთრი და შავი….

ოცნება გრძელდება…

ეს იუვენტუსია!!!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ყველა გზა რომში მიდის…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბავშვობიდან რომას გულშემატკივარია, ისეთი რამ მითხრა რაც არასდროს დამავიწყდება. “როდესაც ვინმე …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *