მთავარი / ლეგენდის ისტორია

ლეგენდის ისტორია

კორსო რე უმბერტოს ქუჩა, ერთ-ერთი კეთილშობილი ადგილი ტურინში. სტუდენტებმა მასიმო დ’აძელიოს ლიცეუმიდან, გართობის მიზნით საფეხბურთო კლუბის შექმნა გადაწყვიტეს. საბოლოოდ გუნდი რე უმბერტოს ქუჩაზე დაარსეს. საინტერესოა, რომ მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 17 წლის სტუდენტი იყო და სწორედ აქედან შეირჩა სახელიც. Giuventu – ახალგაზრდობა. შესაბამისად, შედგა სახელწოდება „იუვენტუსი“ და ეს ყველაფერი 1897 წლის 1 ნოემბერს მოხდა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ლეგენდის დაბადებას ჩაუყარეს საფუძველი.

ასე დაიბადა იტალიაში ყველაზე ბრწყინვალე გუნდი. პირველი პრეზიდენტი იყო ეუჯენიო კანფარი, პირველი სტადიონი დ’არმის მოედანზე მდებარეობდა, ხოლო პირველი მაისური ვარდისფერი გახლდათ. 1900 წელს „იუვეს“ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ამ ფერის მასიურით, ხოლო 1903 წელს მოვიდა შავ-თეთრი ფერი. ფერის ცვლილება ინგლისის ქალაქ ნოტინგემს უკავშირდება, სადაც ტურინელებმა ახალი მაისურები შეუკვეთეს (ვარდისფერი), მაგრამ ნისლიანი ალბიონიდან შეცდომით შავ-თეთრი გამოაგზავნეს. 1905 წელს პირველი ტიტულის ჯერიც დადგა. „იუვემ“ „ჯენოას“ კონკურენცია დაძლია და იტალიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ამ დროს გუნდს უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავდა, შვეიცარიელი ალფრედო დიკი, თუმცა პოსტი მალევე დატოვა. გასახდელში მომხდარი ინცინდეტის შედეგად დიკმა „იუვე“ დატოვა და ტურინში მეორე საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „ტორინო“ დაარსა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ უცხოელებით იყო დაკომპლექტებული. „იუვენტუსისთვის“ კი შემდეგ წლები ადვილი არ ყოფილა, პირველ მსოფლიო ომამდე. თანაც, ტურინელებისადმი მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ „პრო ვერჩელი“ და „კაზალე“. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე კი, „იუვე“ კვარცხლბეკზე უმალ დაბრუნდა. მეკარე ჯაკონე, მცველები ნოვო და ბრუნა „იუვენტუსიდან“ პირველი იტალიელები იყვნენ, რომლებსაც იტალიის ნაკრებში დაუძახეს. 1923 წელი განსაკუთრებული იყო: დებიუტი ჰქონდა ჯამპიერო კომბის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს და განსაკუთრებით, იმიტომ, რომ გუნდს ხელმძღვანელობა შეეცვალა. 1923 წლის 24 ივლისს, პრეზიდენტად აირჩიეს ედოარდო ანიელი, „ფიატის“ დამფუძნებლის შვილი. გუნდს ახალი სახლი ჰქონდა, რომელიც მარსელის ქუჩაზე მდებარეობდა. ტრიბუნები აუცილებელი იყო, რადგან გუნდის გულშემატკივართა არმია დღითიდღე მატულობდა. „იუვე“ ისეთი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა, როგორებიც კომბი, როზეტა, მუნერატი, ბიგატო და გრაბი იყვნენ და მოვიდა პირველი რეალური მწვრთნელი – უნგრელი იენო კაროლი. ასევე, პირველი უცხოელი ჩემპიონი, ისიც უნგრელი – ჰირცერი.

1925-1926 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ მეორე სკუდეტო მოიპოვა. პლეი-ოფში „ბოლონია“ დაამარცხა, ხოლო ფინლში „ალბა რომა“. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: 1930 წლიდან 1935 წლამდე „იუვე“ იტალიის სერია A-ს აბსოლუტური ბატონ-პატრონი გახდა და ზედიზედ 5 სკუდეტო მოიგო. ამ ხუთწლიანი ჰეგემონიის შემოქმედნი იყვნენ მწვრთნელი კარლო კარკანო და ისეთი ჩემპიონური კალიბრის ფეხბურთელები, როგორებიც ორსი, კალიგარისი, მონტი, ჩეზარინი, ვარგლიენი I და II, ბერტოლინი, ფერარი, და ბორელი II იყვნენ. „იუვენტუსი“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა იტალიის ნაკრებშიც, რომელიც 1934 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასევე, 30-იან წლებში მოვიდა პირველი საერთაშორისო გამოცდილებაც. მონაწილეობა მიიღო ევროპის თასზე, რომელიც ცნობილი ჩემპიონთა თასის წინამორბედი იყო. „ბიანკონერის“ არ ჰქონია წარმატებები, მაგრამ ოთხჯერ ნახევარფინალში გასვლა მაინც მოახერხა.

„იუვენტუსის“ გამარჯვებები დაბრუნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1935 წელს ტრაგიკულად, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ედოარდო ანიელი, ხოლო 1947 წელს, პრეზიდენტი გახდა მისი შვილი, ჯოვანი (ჯანი) ანიელი. გუნდი ამჯერად დაკომპლექტდა, რომელშიც კარლო პაროლა, დანიელები ჯონ ჰანსენი და პრასტი, განსაკუთრებით კი, ჯამპიერო ბონიპერტი შედიოდნენ. შედეგად, გუნდმა 1950-1952 წლებში სკუდეტო მიყოლებით მოიგო.

1953 წელს, ჯოვანი ანიელიმ პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ხოლო მისი ადგილი ორი წლის შემდეგ მისმა ძმამ, უმბერტომ დაიკავა. ახალი ტრიუმფალური ციკლისთვის კარი ისევ გაიხსნა. ომარ სივორისა და ჯონ ჩარლზის მოსვლის შემდეგ „ბიანკონერიმ“ 1958 წელს მორიგი სკუდეტო მოიგო, ეს იყო მეათე ჩემპიონობა და შესაბამისად, იტალიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მაისურზე ვარსკვლავი დაიკრა (10 სკუდეტო 1 ვარსკვლავის ტოლფასია). სამოციან წლებში სამი ტიტულის ჯერ დადგა და მათ შორის ბოლო 1967 წელს, ვიტორე კატელას პრეზიდენტობის ქვეშ. მაგრამ შემდეგი ათლწეული „იუვეს“ ისტორიაში კიდევ უფრო კაშკაშა გამოდგა. ჯამპიერო ბონიპერტის ბუცები ლურსმანზე უკვე ლამის დაკიდებული ჰქონდა. ოფიციალურად თამაშს აგრძელებდა, მაგრამ თან გუნდს ხელმძღვანელობდა. 1971 წელს ბონიპერტი გუნდის პრეზიდენტი გახდა და წარმატებები არ გაჩერებულა.