მთავარი / ბლოგი / „იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში
„იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

„იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებასთან.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც დასავლური ღირებულება, ეს დიდწილად იმის ბრალიცაა, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში სამოქალაქო ცნობიერების ფორმირების პროცესი დაკავშირებულია დასავლეთიდან მომავალ ინიციატივებთან. ამ მოცემულობამ, რეალურად შეუწყო ხელი ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, თუმცა, იგივე გახდა ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების გაგების დამახინჯების მიზეზიც.

თითქმის 25 წლიანი გამოცდილების ანალიზით, თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოების განვითარება აცდა მის იდეურ მნიშვნელობას.

რაში გამოიხატება ეს?

პირველი – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებად, ძირითადად, აღიქმება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. არა და, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე არანაკლები გავლენა შეიძლება ჰქონდეს განათლების ცენტრებს, კულტურულ–ტრადიციულ კერებს, პროფესიულ გაერთიანებებს და ასე შემდეგ.

მეორე – სამოქალაქო საზოგადოება არის ზედმეტად პოლიტიზირებული, ანუ, აქცენტი კეთდება მხოლოდ პოლიტიკაზე.

მესამე – სამოქალაქო საზოგადოება გახდა ზედმეტად ფორმალიზებული, რითაც ხდება ერთგვარი დისტანცირება საზოგადოებისგან და რთულდება მასზე წვდომა.

მეოთხე – არასამთავრობო სექტორი ვითარდება გარედან მოსული ინიციატივებით, თუ იდეურად სწორი არასამთავრობო უნდა გაერთიანდეს პრობლემის/იდეის გარშემო, ჩვენთან ხდება გარედან მოსულ ინიციატივებზე ორიენტირება, ანუ ჯერ იქმნება ფორმალიზებული ორგანიზაცია და შემდეგ იწყება პრობლემის/იდეის ძიება.

მეხუთე – არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება გრანტით და არა შემოწირულობებით. დაფინანსების პრინციპი მნიშვნელოვანად განსაზღვრავს ზემოთხსენებულ მიზეზებს, ჩვენთან არასამთავრობოში წევრიანდებიან ხელფასის ან სხვა ბენეფიტების მისაღებად და არა პრობლემის გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მისაღებად.

6 ივნისს ბერლინში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ტურინის იუვენტუსმა 1997 წლის შემდეგ ზედიზედ მეოთხე ფინალი წააგო. „იუვენტუსის“ ფანებმა ეს მოვლენა რესტორან „ბარაკონში“ ნახეს.

„იუვენტუსის ქართული ფანკლუბი“ დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა, ფანკლუბის ორგანიზება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა. დღეს ამ ფანკლუბში დაახლოებით 500 ადამიანია გაერთიანებული, იურიდიული ფორმით ფანკლუბი არასამთავრობო ორგანიზაციაა.

თუმცა, ამ ფანკლუბის წევრებს არ აქვთ იმის განცდა, რომ ისინი არასამთავრობოს წევრები არიან, ისინი „იუვენტუსის“ ფანები არიან და ამ სოციალური როლით ცხოვრობენ.

თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ, რას ნიშნავს რეალურად არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი დასავლური გაგებით, როგორ და რატომ იქმნება ასეთი ორგანიზაციები მაგალითად დანიაში, და არა ისე, როგორც ჩვენ ამას კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვიქადაგებენ, მივხვდებით, რომ „იუვენტუსის ქართული ფანკლუბი“ იდეურად ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში.

„იუვენტუსის ქართული ფანკლუბის“ წევრებს აქვთ იდეა, ამ იდეიდან იწყება ყველაფერი და არა გარედან ნაკარნახევ პრობლემებზე ორიენტირებით!

ფანკლუბს არ აქვს გრანტი, არც ცდილობს მის მოპოვებას!

ფანკლუბის წევრებს არ აქვთ ხელფასი, მათი მთავარი მოტივაცია არის იდეა!

ფანკლუბის წევრები იხდიან საწევროებს, რითაც ფინანსდება ორგანიზაციის პოპულარიზაცია!

ფანკლუბის წევრები ყოველთვის იქნებიან იუვენტუსის გულშემატკივრები და ისინი არასოდეს გადავლენ სხვა ფანკლუბში სამუშაოდ!

ფანკლუბის წევრებს არ სჭრდებათ დავალება, ისინი თავად იჩენენ ინიციატივებს!

ეს არის ის მახასიათებლები, რაც აქვთ დასავლურ არასამთავრობოებს და ეს ძალიან იშვიათია ჩვენთან. ეს ყველაფერი აქვს „იუვენტუსის ქართულ ფანკლუბს“ და სწორედ ამიტომ არის ის ყველაზე სწორი არასამთვრობო ორგანიზაცია საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

ამას წინათ კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა: „„იუვეში“ მე დავაფასე, რას ნიშნავს თანამდებობების პატივისცემა. ამას ვგრძნობდი ტურინში …

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …