მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა / “იუვე” და კრიშტიანუ ისევ დაფრინავენ [VIDEO]

“იუვე” და კრიშტიანუ ისევ დაფრინავენ [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ში დომინანტობას აგრძელებს და მორიგი ადვილი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის მორიგი მსხვერპლი მოკრძალებული „სპალი“ გახდა, რომელსაც „იუვე“ ძალიან ადვილად გაუმკლავდა.

შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში ტურინელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში კვლავაც მოკრძალებულია. როგორც ჩანს, ალეგრის ბიჭები კალჩოში ძალების მაქსიმალურად დახარჯვას არ აპირებენ. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არ დადგება (თუ საერთოდ დადგა).

„ბებერმა სინიორამ“ თითო ტაიმში თითოჯერ დაამწუხრა მეტოქე. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც სტანდარტის შემდეგ ერთი შეხებით ახლო მანძილიდან გაიტანა. მეორე გოლი კი სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა, რომელიც ლეონარდო ბონუჩის სავიზიტო, გრძელი პასით დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუმ გააგრძელა, დუგლას კოშტამ დაარტყა და მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ მარიო მანჯუკიჩი იქვე იყო და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.

„იუვემ“ მართლაც ადვილად მოიგო, არ ყოფილა ნერვიულობის მომენტი ერთი წამითაც კი. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის წინ, კარგი გენერალური რეპეტიცია გამოვიდა. თანაც, მნიშვნელოვანი იყო სანაკრებო პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნება.

„იუვეს“ 13 ტურში 37 ქულა აქვს და მის ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება. მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, ასევე ტურინში „ვალენსიასთან“ გამართავს და ქულაც რომ მოიპოვოს, მერვედფინალის საგზურს გაიფორმებს.

„იუვენტუსი“ – „სპალი“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო (კიელინი 87); კუადრადო, პიანიჩი, ბენტანკური, დუგლას კოშტა (მატუიდი 73); მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„სპალი“ (4-4-2): გომისი; ჩიონეკი, ბონიფაცი, ფელიპე, ფარეში; ლაძარი, სკიატარელა (ვალდიფიორი 83), კურტიჩი, მისიროლი (ვალოტი 59); ანტენუჩი, პეტანია (პალოსკი 85)

გოლები: 1:0 რონალდუ (29), 2:0 მანჯუკიჩი (60)

გაფრთხილება: ბენტანკური (64) – ჩიონეკი (39), ფარეში (49), სკიატარელა (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 8 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …