მთავარი / ბლოგი / ბეპე მაროტას ეპოქა

ბეპე მაროტას ეპოქა

ტურინის „იუვენტუსში“ ჯუზეპე მაროტას ერა სრულდება. 25 ოქტომბრიდან ის „იუვეს“ გენერალური დირექტორი აღარ იქნება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბებერი სინიორას“ წარმატებული ციკლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ მაროტაა.

ბეპემ „იუვენტუსის“ ყურადღება „სამპდორიადან“ მიიპყრო, სადაც წარმატებულად იმუშავა. გენუაში მაროტას სახელს უკავშირდება ჯამპაოლო პაცინისა და ანტონიო კასანოს ტრანსფერები, რამაც ლიგურიელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე მიიყვანა. შედეგად, 2010 წლის მაისში ტურინში გადაბარგდა.

თუმცა, დასაწყისი ადვილი და ფეერიული არ ყოფილა. 2010 წლის ზაფხულში მაროტამ „იუვენტუსში“ მილოშ კრასიჩი, ხორხე მარტინესი, ლეონარდო რინაუდო, ალბერტო აკვილანი და ტრაორე მიიწვია. თუმცა, ვერცერთმა ტრანსფერმა ვერ გაამართლა. ერთადერთი მხოლოდ ლეონარდო ბონუჩის შეძენა აღმოჩნდა გამართლებული, მაგრამ 2010-2011 წლების სეზონიდან ამის ვარაუდიც ძნელი იყო. პირველ შენაძენთა შორის შედარებით კარგად ითამაშეს ალესანდრო მატრიმ, ფაბიო კვალიარელამ, ემანუელე ჯაკერინიმ და სიმონე პეპემ. მაროტას პირველ შედევრად მაინც ანდრეა ბარძალის ტრანსფერი მიიჩნევა. 2011 წლის იანვარში, მსოფლიოს ჩემპიონი, უკვე ჩამოწერილი მცველის ყიდვა სარისკო იყო. „ვოლფსბურგმა“ ბარძალის სანაცვლოდ მხოლოდ 300 ათასი ევრო მიიღო, ხოლო რა მიიღო ბარძალისგან „იუვენტუსმა“ ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.

წარმატებული ერა, რომელიც მაროტას ბოლო სამუშაო დღემდე გრძელებოდა, 2011 წლის ზაფხულში დაიწყო და მაროტამაც სასწაულების ჩადენას მიჰყო ხელი. მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშნვნამ ამაში დიდი როლი ითამაშა. შედეგად, „მილანიდან“ ანდრეა პირლო მოვიდა, რომლის სანაცვლოდ „იუვენტუსს“ ერთი ცენტიც არ გაუღია. პირლომ კი ტურინში დიდება დაიბრუნა და გუნდსაც დაეხმარა დიდების დაბრუნებაში. არტურო ვიდალის ყიდვა „ლევერკუზენიდან“ მხოლოდ 11 მილიონი ევრო დაჯდა. წარმატება მოიტანეს მირკო ვუჩინიჩისა და სტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერებმაც. იმ წელს ერთადერთი ელჯერო ელია გაფლოპდა, რომელიც იტალიას ვერაფრით მოერგო. იგივე ითქმის, მარსელო ესტიგარიბიაზეც. პარაგვაელზე, რომელმაც „იუვე“ 1 გოლით და უკვალოდ დატოვა.

საერთოდ, მაროტა თავისუფალი აგენტების ნამდვილ მონადირედ იქცა. პირლოს შემდეგ იგივე ფორმულირებით ტურინში პოლ პოგბა, ფერნანდო ლორენტე, პატრის ევრა, კინგსლი კომანი, სამი ხედირა,ნეტო, დანი ალვეში და ემე ჯანი მოდიოდნენ. საინტერესოა, რომ „სამპდორიაში“ კასანო და პაცინიც სწორედ ზემოხსენებული გარიგებით გადავიდნენ.

მაროტას წარმატებულ საქმეებს უნდა დავუმატოთ 2013 წელს, კარლოს ტევესის ტრანსფერიც, რომლის სანაცვლოდ „იუვემ“ მხოლოდ 9 მილიონი ევრო გაიღო.

არ უნდა დავივიწყოთ სხვა ტრანსფერებიც: ალვარო მორატადან ვოიცეხ შჩესნიმდე, პაულო დიბალადან ფედერიკო ბერნარდესკიმდე, დუგლას კოშტადან მირალემ პიანიჩამდე, ჟოაუ კანსელუდან ალექს სანდრომდე, გონსალო იგუაინიდან კრიშტიანუ რონალდუმდე…

მაროტამ ტურინში გატარებულ 8 წელიწადში ბევრი ტიტული მოიგო: 7 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 3 იტალიის სუპერთასი. ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.

მოკლედ, მაროტა მაშინ წავიდა, როდესაც „იუვესგან“ ჩემპიონთა ლიგას ყველაზე მეტად ელოდებიან. და თუ ასე მოხდა, ბეპე აღარ იქნება „ბებერი სინიორას“ ნაწილი, მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი დამსახურებაც იქნება.

შემთხვევითი სიახლე

„იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

„იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი“ – ყველაზე სწორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში

საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებასთან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების …