მთავარი / სიახლეები / ბაბილონის დაცემა

ბაბილონის დაცემა

ძველი ებრაული მითის თანახმად, მას შემდეგ რაც ადამიანებმა გადაწყვიტეს ისეთი ციხე–კოშკის აშენება, რომელიც ცას მიწვდებოდა, ღმერთი განრისხდა ადამიანების თავხედობით, აურია მათ სალაპარაკო ენა, გაფანტა სხვადასხვა მხარეში და ისინი გადააქცია ბრბოდ…

27 ნოემბერი ალბათ მასიმილიანო ალეგრის შავ–თეთრ ყოფაში ყველაზე სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მაგრამ ეს არ იქნება მარტო MAD MAX – ის დამსახურება, ამაში შეგვიძლია მთელი გუნდი, სამწვრთვნელო შტაბი და დირექტორატი დავადანაშაულოთ და იმედს ვიტოვებ ისინიც თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებენ დღევანდელ დღეზე, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით.

ჯერ მოკლედ მატჩის შესახებ.

საწყისი ნახევარი საათის განმავლობაში საქვეყნოდ ცნობილ და მრავალი რეკორდის დამამხობელ “იუვენტუსის” უკანა ხაზს უკვე იმაზე მეტი ბურთი ქონდა საკუთარი კარიდან გამოტანლი ვიდრე წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ხუთ თამაშში ერთად.

დიახ, ჩემპიონთა ლიგაზე “ზებრებს” მხოლოდ 2 გოლი აქვთ გაშვებული, აი “ჯენოასთან” მატჩში კი 29 წუთზე ანგარიში უკვე 3–0 იყო მასპინძლების სასარგებლოდ.

ამის მერე დიდად საინტერესო არც არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ლეონარდო ბონუჩის ტრამვას, რომელიც პირველი ტაიმის შუა წელში მიიღო და მის მაგივრად მოედანზე დანიელე რუგანი შემოვიდა, საკაცით გაყვანილ, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნებულ (ამ დროს გუნდს შეცვლების ლიმიტი ამოწურული ქონდა) დანი ალვეშს და მატჩის მიწურულს პიანიჩის გატანილ საჯარიმო დარტყმას.

ჯენოელთა სწრაფ, ხისტ და იუველირულ თამაშს “სინიორამ” მხოლოდ ქაოტური და ალაგ–ალაგ ბურთკონტროლირებადი თამაში დაუპირისპირა, რაც მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი რომ ბურთის კონტროლის გრაფაში უპირატესობა “იუვეს” მხარეს ყოფილიყო.

თავში ბაბილონი იმიტომ ვახსენე, რომ ტურინელთა მხრიდან ეს იყო თავხედურად გოდოლის მშენებლობა, ოღონდ მოედანზე და ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. ზედიზედ მოგებული 4 სკუდეტოს შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა რომ სერია A და მასში მონაწილე გუნდები იმ დონის არიან, რომელსაც როცა უნდათ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ ისე მოიგებენ, ანუ ვის სტადიონზეც მოუნდებათ იქ დადგამენ ბაბილონის გოდოლს!

პირველ რიგში დავიწყოთ აბსოლუტურად გაურკვევლი ტაქტიკური სქემით, უფრო სწორად გაცვეთილი და კარგად ნაცნობი 3–5–2 ში გადანაწილებული როლებით. უცნაურია რომ მოედნის მარჯვენა მხარეს იყო ნომინალურად სამი ფლანგის მცველი/ნახევარმცველი (RW/RMF) ხოლო მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ერთი. უფრო კონკრეტულად მოედანზე ერთ დროულად იყო დანი ალვეში, სტეფან ლიხშტაინერი და ხუან კვადრადო, რომელიც თვითონ ალეგრის გადაწყვეტილებით დიდი ხანია მარჯვენა ფლანგის შემტევ ვინგერებად ჩამოყალიბდნენ.

ახლა კი მათ სხვა ფუნქციები მიენიჭათ, ლიხშტაინერი ცენტრალურ მცველად გადაიქცა, ალვეში დარჩა თავის პოზიციაზე, ხოლო კოლუმბიელი კვადრადო თავდამსხმელად მოგვევლინა. აი მარცხენა ფლანგზე კი ამდენი ხალხი არ იყო საჭირო და მხოლოდ ალექს სანდრო ირჯებოდა. იგივე წარმატებით შეეძლო მაქსს მანჯუკიჩი ნახევარდაცვაში დაეყენებინა, ბუფონი თავდამსხმელების უკან და ბონუჩი კარში. ასეთი ზერელე და აგდებული დამოკიდებულება კი როგორც ჩანს ეწყინათ გენოელებს და პირველივე წუთიდან გაშმაგებით იბრძოდნენ მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია.

თუკი “სევილიასთან” მატჩის დროს ალეგრისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ტაქტიკური მონახაზიც არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე დააყენა, ახლა საპირისპიროდ მოიქცა და სიჯიუტის და თავდაჯერებულობის სინთეზი გვანახა… რა თქმა უნდა უარყოფითი შედეგით.

უფრო სიღრმისეულად რომ ჩავეძიოთ საკითხს ალბათ სათავე უფრო შორს თუ არა, მინიმუმ ზაფხულში უნდა ვეძებოთ.

რა თქმა უნდა პირლო, პოგბა, ვიდალის ტრიო ნებისმიერი გუნდისთვის სანატრელი ცენტრია, ისინი კი სწორედ “იუვენტუსისთვის” მოქმედებდნენ, თუმცა პირლოს ასაკმა უწია და ამერიკაში გაემართა, ვიდალი და პოგბა კი პირდაპირ რომ ვთქვათ “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ. მათ ვერანაირი გარანტია ვერ მიიღეს ვერც გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით და ვერც მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის.

მაგალითისთვის:

გუშინ ხუმრობით ვწერდი, მაგრამ რეალობა ასეთია. ლეონარდო ბონუჩი, რომელიც უამრავი ადამიანის, სპორტული გამომცემლის და საფეხბურთო მოღვაწის აზრით დღესდღეობით საუკეთესო ცენტრალურ მცველად თუ არა ერთ–ერთ საუკეთესოდ მაინც ითვლება საკუთარ პოზიციაზე, თუკი ინტერნეტ მონაცემებს დავუჯერებთ ზუსტად იმდენი აქვს ხელფასი რამდენიც დედრიკ ბოიატას, მარკოს როხოს, სეზარ ასპილიკუეტას, მატიუ დებუშის, ჯოელ მატიპს, ნათანიელ კლაინს და ასე უსასრულოდ.

ერთის მხრივ ჩვენ გაუთავებლად გვესმის რომ “იუვენტუსი” წლიდან წლამდე სულ უფრო მომგებიანი პროექტი ხდება და მეორეს მხრივ ისინი უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთისთვის არაკონკურენტულ გარემოს უქმნიან საკუთარ მოთამაშეებს.

მიუხედავად იმისა რომ პიანიჩი მაღალი დონის ნახევარმცველი მგონია, მას მესიად ვერ ვაქცევთ, რომელიც პირლო, პოგბა, ვიდალის წასვლის შემდეგ დატოვებული სიცარიელის ამოვსებას შეძლებს, თუნდაც რაოდენობრივად.

მეორეს მხრივ არსებობს გონსალო იგუანში ხელგაშლილად გადახდილი თანხა, რომლის მართებულობასაც სეზონის ბოლოს ვნახავთ, მაგრამ ფაქტია რომ გუნდში უამრავი სუსტი რგოლია, რომლის გამოსწორებაზეც “ბორდმა” არ იზრუნა. თუ ჩვენამდე სწორად მოვიდა ინფორმაცია ანტონიო კონტეს წასვლაც ამან გამოიწვია, რადგან მან მყარი გარანტიები ვერ მიიღო გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ფაქტი სახეზეა და დღევანდელი დღე ყველაფრის ნათელი მაგალითია.

გუნდი აბსოლუტურად დემობილიზირებული და მოშლილია.

წინ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაა, სადაც ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მცირედი დეტალების გამოსწორება მაინც შესაძლებელია, თუკი ამის კეთილი ნება და მონდომება იქნება.

FORZA !!!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *