მთავარი / ბლოგი / აღარც ათიანი, აღარც სამიანი, აღარც ხუთიანი – უცვლელი მხოლოდ პირველი ნომერია…
აღარც ათიანია, აღარც სამიანი, აღარც ხუთიანი – უცვლელი მხოლოდ პირველი ნომერია...

აღარც ათიანი, აღარც სამიანი, აღარც ხუთიანი – უცვლელი მხოლოდ პირველი ნომერია…

“სკუადრა აძურაში” სხვადასხვა პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეების მოძიება არასდროს ჭირდა, მაგრამ ამ მხრივ იტალიელთა ამჟამინდელ თავკაც ანტონიო კონტეს საფიქრალი არ აკლია.

ჩირო იმმობილე, სიმონე ძაძა, მანოლო გაბიადინი – სამი ფორვარდი, რომლებიც საფრანგეთში გასამართ ევროფორუმზე დიდი ალბათობით წავლენ და გაგიკვირდებათ და სამივეს ერთად, მიმდინარე სეზონში 14 გოლი აქვთ გატანილი. ისეთი დაბალი შედეგია, ბარე-ორ მცველსაც არ შეშურდებოდა… არადა, სხვებს თვალი რომ გადავავლოთ, კონტეს მდგომარეობაში ყოფნას არ ვისურვებდით: მარიო ბალოტელი, რომელსაც თავად “გრაფი” არ სწყალობს, ედერი, რომელმაც მეორე წრე მთლიანად ჩააგდო. ამათ ფონზე ლორენცო ინსინიესა და სტეფან ელ შაარავის უკეთესი სეზონი აქვთ. ერთადერთი ვისაც ნაკრებში თავდამსხლებიდან ადგილი ახლაც გარანტირებული აქვს და სხვებთან შედარებით უკეთეს ფორმაშია, ინგლისური “საუთჰემპტონის” ფორვარდია გრაციანო პელეა. გვარი კი აქვს საფეხბურთო, მაგრამ ნამდვილ პელეობამდე ბევრი უკლია…

ეს ახლაა ასე, თორემ იყო დრო, როცა იტალიის ნაკრებში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირები ვერ ხვდებოდნენ. მაგალითებიც ბევრი გვაქვს: 1996 წელს, არიგო საკიმ ინგლისში ალესადრო დელ პიერო, ფაბრიციო რავანელი, ჯანფრანკო ძოლა, პიერლუიჯი კაზირაგი და ენრიკო კიეზა წაიყვანა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ იმ სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორები ბეპე სინიორი და იგორ პროტი (24-24 გოლი). ეს საკის ამოჩემებით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ კონკრენცია გახლდათ დიდი. სამაგიეროდ, საკის ამოჩემების და ათავლწუნების გამო ვერ მოხვდა იმ დროს ნაკრებში იტალიისა და ალბათ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი რობერტო ბაჯო…

დაახლოებით იგივე განმეორდა 4 წლის მერეც; დინო ძოფმა ბელგია-ჰოლანდიაში 5 შემტევი, ალესანდრო დელ პიერო, პიპო ინძაგი, მარკო დელვეკიო, ვინჩენცო მონტელა და ფრანჩესკო ტოტი წაიყვანა. საკისა არ იყოს, ბაჯოს არც ძოფი სწყალობდა, ხოლო ბეპე სინიორის, ენრიკო კიეზასა და ალესადრო ლუკარელის წაყვანა თვითონ არ მოისურვა.

2003-2004 წლების სეზონში ყველაზე შედეგიანი იტალიელი ფეხბურთელი ალბერტო ჯილარდინო იყო (23 გოლი), მაგრამ ჯოვანი ტრაპატონიმ პორტუგალიაში ახალგაზრდა ფორვარდის წაყვანა ვერ გარისკა და ისევ ძველ გვარდიელებს დაეყრდნო: ვიერი, ტოტი, დელ პიერო, დი ვაიო, კასანო, კორადი. აღსანიშნავია, რომ ტრაპატონიმ ტრავმის გამო ფილიპო ინძაგი ვერ გამოიძახა (აბა ახლა, ინძაგის დონის დანაკლისი კი არა, ფორვარდიც აღარ ჰყავს კონტეს)…

მთლად უიმედო მდგომარეობა არც რობერტო დონადონის ჰქონია 2008 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ექვსი თავდამსხმელი წაიყვანა და მაშინდელზე ვერ ვიტყვით, რომ დონადონიმ ვინმე დაუმსახურებლად ნაკრებს მიღმა დატოვა: კვალიარელა, დი ნატალე, ბორიელო, კასანო, ტონი და დელ პიერო. დელ პიერო და ტონი შესაბამისად სერია ა-სა და ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორები იყვნენ იმ სეზონში, ბორიელო კი იტალიაში მხოლოდ ალექსს ჩამორჩა. ურიგოდ არც კასანოს, კვალიარელას და დი ნატალეს უთამაშიათ. მოდით ვაღიაროთ და, კონტეს განკარგულებაში არც დი ნატალეს დონის შემტევები არიან…

მოკლედ, დრო უკან არ ბრუნდება, მაგრამ მაინც გასაკვირია ასეთ ქვეყანას ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი, თავდამსხმელების ასეთი დეფიციტი ჰქონდეს… რას მოიფიქრებს კონტე და როგორ ითამაშებს ამაყი “სკუადრა აძურა”, რომელიც სხვათა შორის, ევროფორუმზე გამარჯვებას დანატრებულია (1968 წლის მერე), ამას ზაფხულში გავიგებთ. ისე კი, იტალია საფრანგეთში ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსით ჩადის და ერთი საიტერესო დეტალი: აპენინელები ყველაზე მეტად კლანჭებს მაშინ აჩენენ, როცა მათ სათვალავში არავინ აგდებს. ახლაც ასეა, იტალია აუტსაიდერია, მაგრამ ვინ იცის… თუმცა, “სკუადრა აძურას” ათი ნომერი აღარც ბაჯოა, აღარც ტოტი, აღარც დელ პიერო, არც სამი ნომერია პაოლო მალდინი და ხუთი ფაბიო კანავარო. მხოლოდ პირველი ნომერია უცვლელი: ჯიჯი ბუფონი – იტალიელთა მთავარი იმედი…

წყარო: მსოფლიო სპორტი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი - იდეალური მამა და მამაკაცი

ბონუჩი – იდეალური მამა და მამაკაცი

ევრო 2016-ის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩი პატარა და წყნარ ესპანურ კუნძულზე – ფორმენტერაზე ისვენებდა. თუმცა მას …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *